ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ რამეა გაკეთებული, მოდით და სახეში შემაფურთხეთ”

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

რა ხდება სვანიძის ქუჩაზე 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ?

IMG_3936

 

2015 წლის 13 ივნისის ღამე დიდხანს ემახსოვრებათ თბილისში. მათ კი, ვისაც იმ ღამეს ოჯახის წევრი, ნათესავი ან ნაცნობი დაეღუპა და სახლი დაენგრა, არასოდეს დაავიწყდებათ.

კოკისპირული წვიმა დაახლოებით 9 საათისთვის დაიწყო და 5-6 საათს გაგრძელდა. დროის ეს მოკლე მონაკვეთი სრულად საკმარისი აღმოჩნდა, რომ ადიდებულ მდინარე ვერეს ათობით ადამიანის და ცხოველის სიცოცხლე ემსხვეპლა, რომ არაფერი ვთქვათ დანგრეულ სახლებზე და წყალს გაყოლილ მანქანებზე.

მაშინ თბილისში, ასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში მოხალისედ – დაკარგული ადამიანებისა და ცხოველების საძებრად,  დაზარალებულების დასახმარებლად, ქუჩების გასაწმენდად. როგორც მაშინ ამბობდნენ, ეს იყო უპრეცენდენტო სოლიდარობა, რაც დიდი ხანია ქალაქს არ ახსოვს.

IMG_3890

რამდენიმე დღის შემდეგ, ეპიდემიის თავიდან აცილების მიზნით, ქალაქის მთავრობამ მოხალისეებს მუშაობის შეწყვეტისკენ მოუწოდა და ყველა სამუშაო თავის თავზე აიღო.

დაზარალებულების დასახმარებლად შეიქმნა რამდენიმე ფონდი, მათ შორის თბილისის მერიის ფონდი – ამჟამად ამ ფონდში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ აკუმულირებული თანხების საერთო რაოდენობა 21 მილიონზე მეტია (ინფორმაცია მერიის ოფიციალური ვებგვერდიდან)

მას მერე ხუთი თვე გავიდა. არის თუ არა ლიკვიდირებული სტიქიის შედეგები? აუნაზღაურეს თუ არა ზარალი იმ ხალხს, ვისაც წყალდიდობის ღამეს სახლები დაენგრა ან დაუზიანდა?

გთავაზობთ „მეტრონომის“ ფოტორეპორტაჟს სვანიძის ქუჩიდან. ეს ქუჩა ერთ-ერთია იმ ადგილებიდან, რომელიც წყალდიდობამ ყველაზე მეტად დააზიანა.

IMG_3894

სვანიძის ქუჩაზე წვიმიან დღეს მივედით. მართალია ისე არ წვიმს, როგორც იმ ავადსახსენებელ 13 ივნისის ღამეს.

IMG_3956

სვანიძის ქუჩას ახლა თავისუფლად შეგვიძლია ქუჩა-მოჩვენება ვუწოდოთ. სახლების ნახევარი ისევ ისე დგას, დანგრეული და გამოშიგნული, როგორც წყალდიდობის შემდეგ დღეებში.

IMG_3971

ზოგიერთი სახლის წინ თოკზე 13 ივნისიდან შემორჩენილი სარეცხი კიდია, ტალახში ჩაფლული ფეხსაცმელი ყრია.

IMG_3885

დანგრეული სახლების მიტოვებული ეზოები შლამით და ნაგვითაა სავსე – თითქოს ხალხს, რომელიც იმ ღამეს გაიქცა, აქ აღარასოდეს მოუდგამს ფეხი; თითქოს ეს ყველაფერი გუშინ მოხდა და დღეს ეს გაუკაცურებული ქუჩა ისევ ერთგულ მოხალისეებს ელოდება, რომლებიც აქაურობას დაალაგებენ და ნაგავს გაიტანენ, მაგრამ მოხალისეები დიდი ხანია დაიშალნენ და არნახული სოლიდარობაც ნელ-ნელა წარსულში დარჩა.

IMG_3889

ახლა, ეს ქუჩა, წესით, თბილისის მერიის საზრუნავია. როგორ ზრუნავს მერია, ამაზე კომენტარი ზედმეტია – შეგიძლიათ ფოტოები იხილოთ.

აქვეა მანქანების სასაფლაოც – ეს წარღვნის დროს შლამიდან ამორებული მანქანებია.

რამდენიმე ნახევრადდანგრეულ სახლში რემონტი მიმდინარეობს. ეს მეორე კატეგორიის დაზარალებულები არიან, მათი სახლები შეკეთებას ექვემდებარება. ერთ-ერთ ეზოში მუშები მუშაობენ, მათთან ერთად სახლის პატრონიც – ბოტებში, საწვიმარ ლაბადაში, ტალახში ამოსვრილი შუახნის კაცი. იგებს თუ არა, რომ ჟურნალისტები ვართ, უჩვეულოდ აგრესიული ხდება. ამბობს, რომ ბევრი ელაპარაკა ჟურნალისტებს და შედეგი ჯერ არ უნახავს. ახლა თვითონ ზრუნავს თავისი სახლის შეკეთებაზე – თავისი ხარჯებით. გამგეობას ფული ჯერ არ ჩაურიცხავს, თუმცა ხელშეკრულებები უკვე დიდი ხანია გაფორმებულია.

IMG_3911

მასთან ხანმოკლე გასაუბრების შემდეგ ნელნელა ვხვდებით, რატომ არის სხვა სახლები მიტოვებული – ფორმალობების მიუხედავად, სვანიძის ქუჩის ბინადრებისთვის თანხა არ ჩაურიცხავთ, გამონაკლისების გარდა. აქაურებს სახლების, ფაქტიურად, თავიდან აშენება და გარემონტება საკუთარი ხარჯებით უწევთ – ვისაც ამის შესაძლებლობა არ აქვს, ნაქირავებ ბინაში უდევს მერიასთან, ან გამგეობასთან გაფორებული ხელშეკრულება. და კიდევ, ეს ადამიანები ვინაობის საჯაროდ გამხელას ერიდებიან. რატომ? ამის თაობაზე თავისი ვერსია აქვს ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს:

„შეშინებულია ის ხალხი, ხმის ამოღების ეშინიათ. ხმა რომ ამოიღონ, იმ იმედსაც დაკარგავენ, რასაც ეს თაღლითები /გულისხმობს ქალაქის ხელისუფლებას/ აძლევენ, ჩუმად იყავით და დაგეხმარებით, ფულს მოგცემთო – ეს იმედიღა დარჩათ“ – გვითხრა თამაზ ელიზბარაშვილმა,  საკმაოდ ემოციურმა ადამიანმა და სხვა უფრო წვნიანი სიტყვებითაც შეამკო, როგორც დაზარალებულები, ისე ქალაქის ხელისუფლება. პირველი სწორედ თამაზ ელიზბარაშვილი ალაპარაკდა მერიის მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ აკუმულირებული თანხების არამიზნობრივად ხარჯვაზე.

IMG_3920

„მოდით და ნახეთ, რა დღეშია აქაურობა – დანგრეული სახლები, განადგურებული ქუჩა, წალეკილი – დაწყებული გარე განათების ბოძებიდან, დამთავრებული  წყალში დატბორილი სახლებით.  თუ რამეა გაკეთებული, მოდით და სახეში შემაფურთხეთ…“ – გვეუბნება ბიზნესმენი, რომელიც თავადაა სვანიძის ქუჩაზე პირველი კატეგორიის დაზარალებულებს შორის – მისი ძაღლების თავშესაფარი ადიდებულმა ვერემ თითქმის მთლიანად გაანადგურა. ელიზბარაშვილი ამბობს, რომ მისთვის არავის არაფერი არ აუნაზღაურებია.

„39 სახლი და ოჯახია დაზარალებული – არც ნანგრევებია გატანილი, არც ქუჩაა გაკეთებული. სტიქიამ რაც დატოვა, ისევ ისეა. როგორი საზოგადოებაც გვყავს დღეს,  ხელისუფლებაც სწორედ ისეთია, ზუსტად ერთი ერთში. 3 თუ 4 დღე ტალახი რომ ყარეს, ის არ იყო საკმარისი“ ამბობს ელიზბარაშვილი.

IMG_3957

ძნელია არ დაეთანხმო. ფორმალურად თითქოს ყველაფერი რიგზეა. მერიის ქონების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, თამარ დვალმა შეგვატყობინა, რომ ქალაქის მერიას მხოლოდ პირველი კატეგორიის დაზარალებულებისთვის ევალება ზარალის ანაზღაურება:

„ჩვენ პირველი კატეგორიის 51 დაზარალებული ოჯახი გვყავს. 37-თან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა და თანხები ჩაერიცხათ. პირველი კატეგორიის სახლების უმეტესობა სტიქიის ზონაშია მოხვედრილი და გარემოს დაცვის სააგენტოს დასკვნის მიხედვით, იქ მშენებლობა  არ შეიძლება. ჩვენ ამ ხალხს თანხას საცხოვრებელი სახლების შესაძენად ვაძლევთ“ – გვითხრა თამარ დვალმა. ჩვენ დავინტერესდით, არის თუ არა საჯარო ის ხელშეკრულებები, რომელიც დაზარალებულებს გაუფორმეს. თამარ დვალის თქმით, დაზარალებულები წინააღმდეგები არიან მერიის მიერ მათთვის გადახდილი თანხის რაოდენობა საჯაროდ გამოიტანონ, სხვა მხრივ კი პრობლემა არ არის და მერიიდან ამ დოკუმენტების გამოთხოვნა შეიძლება.

მეორე კატეგორიის დაზარალებული ოჯახებიდან კი ჯერ საცხოვრებლის აღდგენის თანხა თითქმის არავის ჩარიცხვია. ჩვენ მხოლოდ ერთი გამონაკლისი ვნახეთ – ქალბატონ ევა ზუმბულიძის ოჯახი, რომლის სახლიც თითქმის მთლიანადაა აღდგენილი და გაკეთებული, თუმცა ეს ხარჯები თვითონ ოჯახმა გაიღო იმ იმედით, რომ თანხას ჩაურიცხავენ. სხვათა შორის, ევა ზუმბულიძე ის ლეგენდარული ბებიაა, რომლის კარადაში გადანახული ფულიც ერთ-ერთმა მოხალისემ იპოვნა და პატიოსნად დაუბრუნა პატრონს.

IMG_3887

დაწვრილებით დოკუმენტურ  მასალას, თუ რას მოხმარდა ან ხმარდება მერიის ფონდში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ აკუმულირებული თანხები, მერიიდან შესაბამისი დოკუმენტაციის გამოთხოვნის შემდეგ მოგაწვდით. მანამდე კი რეალობა თავისთავად მეტყველებს შედეგზე – მოჩვენებების ქუჩას ჩვენს ფოტოებზე ხედავთ.

გიორგი სურამელი

ნუკი მჭედლიშვილი

სხვა ამბები

ზვიად ძიძიგური: თუკი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ვაღიარებთ, შესაძლოა, რუსეთმა სოხუმისა და ცხინვალის ეკლესიების დამოუკიდებლობა აღიაროს

newsadmin

მარნეულში, H1N1 ვირუსით 59 წლის მამაკაცი კლინიკაში მოათავსეს

newsadmin

თეა წულუკიანის ბრიფინგი (live)

newsadmin

სალომე ზურაბიშვილი გიორგი გახარიას შეხვდა

newsadmin

ხვალ, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

newsadmin

17 იანვრის ლარის კურსი ცნობილია

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
სერგეენკო: უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას
“მართლა გამიჭირდება ღრმა კომპეტენტური პასუხის გაცემა. მეც იგივე აზრის ვარ, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, რომ ამაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას", - აცხადებს სერგეენკო. წყარო:.. ნახე სრულად..