აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი ჟურნალისტური გამოძიება საზოგადოება სამართალი

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე – მსხვერპლი თუ მოძალადე

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

სასამართლო ხელისუფლების გამოწვევა: რა მოხდება 1 ნოემბერს ჩანიშნულ წინასასამართლო სხდომაზე

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი მიქაუტაძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ბრალდებით ასოციაცია „მომავლის იმედის“ თავჯდომარე თამარ ხაჭაპურიძე და მისი მეუღლე კახაბერ ხაჩიძე დააკავეს. თავდაპირველად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, თამარ ხაჭაპურიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა, მის მეუღლე – კახაბერ ხაჩიძეს კი  30 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დაეკისრა.

თამარ ხაჭაპურიძემ დაკავებამდე news.ge-ს მისცა ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი მიქაუტაძემ მას და მისი ოჯახის წევრებს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„ინციდენტი ზღვაზე მოხდა. როგორც თამარ ხაჭაპურიძემ News.ge-ს განუცხადა, მან ზღვაზე გიორგი მიქაუტაძის მიმართულებით ზღვაში გადააფურთხა, რის შემდეგაც მოსამართლემ მას დედა შეაგინა. ამის შემდეგ, ხაჭაპურიძის არასრულწლოვანი შვილი მიქაუტაძისკენ გაემართა. მოსამართლემ მას სახეში მუშტი გაარტყა და ტუჩი გაუხეთქა. კონფლიქტში თამარ ხაჭაპურიძის მეუღლეც ჩაერთო. ხაჭაპურიძის თქმით, მათი გაშველებისას ფიზიკური დაზიანება თავადაც მიიღო“ – წერს news.ge 26 აგვისტოს.

თუმცა მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ხაჭაპურიძე და მისი მეუღლე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ბრალდებით ორი პირი: 1970 წელს დაბადებული თ.ხ. და 1969 წელს დაბადებული კ.ხ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, გონიოს დასახლებაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მოსპობით დაემუქრნენ.

გამოძიება, სასამართლოში საქმის ან მასალის განხილვასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის, მსაჯულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ, ჯგუფურად ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების, ანდა ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარის ფაქტზე მიმდინარეობს. (საქართველოს სსკ-ს 365-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, 365-ე მუხლის მესამე ნაწილი გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ხუთ წლამდე. ხოლო ამავე მუხლის მეხუთე ნაწილი ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.

წინასასამართლო სხდომა, რომელიც 18 ოქტომბერს იყო ჩანიშნული, გადაიდო იმის გამო, რომ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულებს თამარ ხაჭაპურიძეს და მის ქმარს, კახაბერ ხაჩიძეს სხდომაზე ადვოკატი წარმოდგენილი არ ჰყავდათ. თამარ ხაჭაპურიძე კი სხდომას ვერ დაესწრო, რადგან როგორც მისმა მეუღლემ მოსამართლეს განუცხადა, ის მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფებოდა. არასრულწლოვანთან ერთად სხდომაზე დასწრების უფლება კი მას არ მისცეს. სხდომაზე კახაბერ ხაჩიძის განცხადებით,  სხდომამდე ერთი დღით ადრე გაირკვა, რომ  მათი ინტერესების დამცველი ადვოკატი ზურაბ თოდუა აღარ იქნებოდა.

„მეტრონომი“ ადვოკატ ზურაბ თოდუას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ისინი თანამშრომლობდნენ აღკვეთი ღონისძიების საქმის განხილვისას და მას შემდეგ თანამშრომლობა შეწყვიტეს, შესაბამისად სხდომაზეც არ გამოცხადდა.

გონიოში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალაც არსებობს, რომელიც როგორც თოდუამ განაცხადა, უკანონო გზით იყო მოპოვებული და დაუშვებელ მტკიცებულებად ითვლება. რაც შეეხება აღკვეთ ღონისძიება – პატიმრობას, მან განაცხადა, რომ მისი შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ხაჭაპურიძე პატიმრობიდან გაათავისუფლა და მას შედარებით მსუბუქი სასჯელი, გირაო შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა 1 ნოემბრისთვის გადაიდო.

რა მოხდა აჭარაში? თუკი დაესხნენ, რატომ დაესხნენ თავს მოსამართლეს? ვინ არის ეჭვმიტანილი? თუკი თავდასხმა მოხდა, რა მიზეზი შეიძლება არსებობდეს? რა წინაისტორია არსებობს და რა აკავშირებდა მანამდე ეჭვმიტანილს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან? როგორც თავად დაზარალებული მხარე აცხადებს, ადგილი ჰქონდა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს. თუმცა, ბრალდებულის მხარის დაცვა საპირისპიროს ამბობს. ყველაფერი ხელვაჩაურის სასამართლომ უნდა გაარკვიოს. ერთხელ წინასასამართლო პროცესი უკვე გადაიდო. შემდეგი 1 ნოემბერს ჩაინიშნა. ერთი ფაქტია, რომ თავდაპირველად, სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და აღმკვეთი ღონისძიების სახით, ეჭვმიტანილს პატიმრობა მიესაჯა. მოგვიანებით კი, იმავე სასამართლომ შუამდგომლობით ის გამოუშვა.

ჩვენ დავინტერესდით, თუ რამ აიძულა ადამიანი, დღისით, მზისით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ისეთი ფორმით დაპირისპირებოდა მოსამართლეს, რომელსაც გამოძიება აღწერს. ან რამ აიძულა საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მიქაუტაძე, როგორც ხაჭაპურიძე ამბობს, მუშტით ტუჩი გაეხეთქა არასრულწლოვანისთვის. ასევე დავინტერესდით, ვინ არიან თამარ ხაჭაპურიძე და და როგორი ბიოგრაფია აქვს საქალაქო სასამართლოს ამჟამინდელ თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძეს.

ამის გასარკვევად შევედით სოციალურ ქსელ facebook-ზე, თამარ ხაჭაპურიძის კუთვნილი ასოციაციის „მომავლის იმედის“ გვერდზე, სადაც ის სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებს, რომლებიც შეეხება როგორც მისი კონკურენტი კომპანია New Life Georgia-ს ხელმძღვანელ მარიამ კუკუნაშვილს, ასევე ირაკლი შოთაძეს, ირაკლი ღარიბაშვილს, თეა წულუკიანს, ანზორ ჩუბინიძეს,  ეკა ბესელიას, ილია მეორეს, სანდრა რულოვსს, ბიძინა ივანიშვილს, ასევე, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძეს. გამომდინარე ჩვენ სტატიაში მოტანილი ინციდენტიდან, დავიწყოთ ამ უკანასკნელით:

2015 წლის 13 სექტემბრით დათარიღებულ განცხადებაში, რომელიც სწორედ აღნიშნულ მოსამართლეს შეეხება, ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძის სექსუალურ კუთვნილებაზე ეჭვებს გამოთქვამს და მას საჯაროდ განიკითხავს (იხ. პოსტი ქვემოთ).

ხაჭაპურიძე წერდა ინციდენტზე, როცა საპატრულო პოლიციამ მარტის თვეში მას ავტომანქანა ჩამოართვა ყოველგვარი დარღვევის გარეშე. ამ დროს კი მას სიცხიანი, 5 წლის შვილი საავადმყოფოში გადაჰყავდა. ამის გამო ხაჭაპურიძემ პატრულს უჩივლა და ირკვევა, რომ მისი საქმე მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ განიხილა.

საბოლოოდ, სასამართლომ პატრულის თანამშრომლები გაამართლა. „მეტრონომი“ შეეცადა სასამართლოს მიერ გამართლებულ პოლიციელებთან დაკავშირებას, მაგრამ ვერ მოახერხა. თუმცა, ამ მცირე ინფორმაციითაც, არ უნდა იყოს ძნელი გამოსაცნობი თუ რეალურად, საიდან და რატომ  დაიწყო ხაჭაპურიძის მოსამართლესთან დაპირისპირება.

ხაჭაპურიძე თავის პოსტში ასევე წერდა: “მე ვთვლი, რომ სწორედ სადომაზოხისტური მიდრეკილებების მქონე მოსამართლეს შეუძლია ფეხით გათელოს ბავშვის უფლებათა კონვენცია და გაამართლოს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები (ჯემალ მახარაშვილი, კახაბერ დარჩია), რომლებმაც მარტის ყინვიან ღამეს ავტომანქანა ჩამოართვეს დედას, რომელსაც 5 წლის სიცხიანი შვილი საავადმყოფოში მიჰყავდა”

„მოსამართლე მიქაუტაძე არც ბავშვის რენტგენოგრამით და სამედიცინო ცნობებით დაინტერესებულა, არც ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ცნობით, რომელიც ადასტურებს, რომ დედა იყო აბსოლუტურად ფხიზელი (0.00 პრომილე) და არ არსებობდა საფუძველი ექსტრემალურ სიტუაციაში მისთვის მანქანის ჩამორთმევის და შეშინებული, ატირებული ბავშვით, შუაღამით ქუჩაში დატოვების“.

 

იხილეთ Facebook პოსტი აქ

 

მაშინ, ხაჭაპურიძის ამ პოსტს საზოგადოების მხრიდან  დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ნაწილი აკრიტიკებდა მოსამართლეს, ხოლო ნაწილი კი წერდა, რომ არ იყო სწორი საქციელი, ადამიანის ასეთი ფორმით დაშანტაჟება და მისი სექსუალური კუთვნილებით აპელირება.

„მეტრონომი“ დაინტერესდა ამ საქმით და თბილისის საქალაქო სასამართლოდან დეტალები გამოითხოვა. როგორც სასამართლოდან გვაცნობეს, საქმიდან მასალების მოთხოვნის უფლება აქვთ მხარეებს, ან მათი რწმუნებით უფლებამოსილ პირებს (ადვოკატებს).

თუმცა, „მეტრონომმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოახერხა ინფორმაციის მოპოვება. შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ხაჭაპურიძე ღამის საათებში ავტომანქანას ჩამქრალი ფარებით მართავდა, როდესაც ის საპატრულო ეკიპაჟმა გააჩერა, მძღოლს განემარტა ალკოტესტის აპარატზე შემოწმების შესახებ, რაზეც მან უარი განაცხადა.

„2015 წლის 26 მარტს, თბილისში ბელიაშვილის ქუჩაზე, ღამის საათებში, სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით, კერძოდ თამარ ხაჭაპურიძე ავტომანქანას მართავდა ჩამქრალი ფარებით. საპატრულო ეკიპაჟის მიერ გაჩერებულ იქნა აღნიშნული ავტომანქანა და მძღოლს განემარტა, ალკოტესტის აპარატზე შემოწმების შესახებ, რაზედაც განაცხადა უარი. პატრულ–ინსპექტორმა სამართალდამრღვევს შეუდგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116–ე მუხლის 1–ლი ნაწილით, სატრანსპორტო საშუალების მართვისასა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად თავის არიდება. მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძემ აღნიშნული სამართლებრივი აქტი გაასაჩივრა, ჯერ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, ხოლო შემდგომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. 2015 წლის 18 მაისის სასამართლოს დადგენილებით, მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, კერძოდ საქმის მასალებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით და ვიდეომასალით სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 26 მარტს მძღოლმა თავი აარიდა სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმების ჩატარებას“ – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ეს ის ძველი საქმეა, რომლითაც შეიძლება ვივარაუდოთ, ხაჭაპურიძის უთანხმოების მიზეზი საქალაქო სასამართლოს ამჟამინდელ თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძესთან. რაც შეეხება დღევანდელ საქმეს, სადაც ის და მისი მეუღლე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თამარ ხაჭაპურიძე პატიმრობაში არ იმყოფება, ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ, სოციალური ქსელის მეშვეობით მან თავად ამცნო საზოგადოებას.

„მე, თამარ ხაჭაპურიძე, არ ვიმყოფები პატიმრობაში, არ ვარ საშიში, არ გამყავს გვირაბი ლონდონიდან ბომბეიმდე, უბრალოდ დავდივარ სამსახურში, ვუვლი ჩემს ქმარ-შვილს და გონივრული იქნებოდა, ზოგიერთი ადამიანი ფულს და დროს არ ხარჯავდეს ქართულ და ინგლისურენოვან საიტებზე ჩემი შავი პიარისთვის“ – დაწერა ხაჭაპურიძემ „ფეისბუქზე“.

„მეტრონომი“ დაინტერესდა, რატომ შეუცვალა ხელვაჩაურის სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა გირაოთი ხაჭაპურიძეს? როგორც „მეტრონომს“ პროკურატურის პრესცენტრში განუცხადეს, სასამართლომ ხაჭაპურიძეს აღმკვეთი ღონისძიება ადვოკატის შუამდგომლობით გირაოთი შეუცვალა. თუმცა, პროკურატურა ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

„ეს არ იყო პროკურატურის პოზიცია, ჩვენ არ ვეთანხმებოდით… მისმა ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა და სასამართლომ დააკმაყოფილა“- განაცხადეს პროკურატურაში.

ხაჭაპურიძის ინტერესების დამცველი თავდაპირველად „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატი, გიორგი ხიმშიაშვილი იყო, თუმცა როგორც „მეტრონომს“ ხიმშიაშვილმა განუცხადა მხარეთა შეთანმხების საფუძველზე, ისინი ახლა აღარ თანამშრომლობენ და ხაჭაპურიძის ინტერესებს სხვა ადვოკატი იცავს.

სანამ ხიმშიაშვილი ხაჭაპურიძის ადვოკატი იყო, „ნეტგაზეთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ მას შემდეგ, რაც გონიოს პლაჟზე პოლიციელები გამოჩდნენ, პოლიციაში მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემაც დარეკა და განაცხადა, რომ სიცოცხლის მოსპობის მუქარით ორგანიზებულად დაემუქრნენ. სწორედ ამის გამო 26 აგვისტოს ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას კვალიფიკაცია შეეცვალა და საქმე 365-ე მუხლის მიხედვით დაიწყო, რაც მოსამართლის მიმართ სიცოცხლის მოსპობას, ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს.

საიაში მიიჩნევდნენ, რომ თამარ ხაჭაპურიძის მიმართ სასამართლო იყო რეპრესიული, რადგან საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლა ავლენს გამოძიების არაობიექტურობას, ხოლო უკანონო დაკავება სასამართლომ რეაგირების გარეშე დატოვა. პირიქით, ცოლ-ქმარს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

6

აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი განიხილავდა. მისი განჩინებიდან, რომლის ამონარიდი „ნეტგაზეთმა“ გამოაქვეყნა,  ვიგებთ, რომ გამოძიებამ ძიების დასრულებამდე დაადგინა, რომ ცოლ-ქმარმა ვერსია მოიფიქრა და ამ გზით გამოძიების შეცდომაში შეყვანა სცადა. ამონარიდი განჩინებიდან: „ბრალდებულ თამარ ხაჭაპურიძის მხრიდან  ადგილი ჰქონდა გამოძიების არასწორი გზით წაყვანის მცდელობას, როდესაც შეტყობინება გააკეთა პოლიციაში და შემდეგ თავის მეუღლესთან წინასწარი მოფიქრებული ვერსიით არასწორი ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას, თითქოს დაზარალებულმა გიორგი მიქაუტაძემ მათ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნული გარემოება ნამდვილად ადასტურებს ბრალდებულის მისწრაფებას, ხელი შეუშალოს ობიექტურ გამოძიებას…“

ვინ არის და რა ბიოგრაფია აქვს გიორგი მიქაუტაძეს?  საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე 2006 წელს მუშაობდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორად. 2006-2010 წლებში მუშაობდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორად. 2010 წელს –  საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსად. 2010-2011 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2011 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2015 წლის დეკემბრიდან – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე.  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით კი 2016 წლის 05 მარტიდან  თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა. მიქაუტაძემ ამ თანამდებობაზე მამუკა ახვლედიანი შეცვალა, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გაათავისუფლა თანამდებობიდან.

ვინ არის თამარ ხაჭაპურიძე? აღსანიშნავია, რომ ამ საქმის გარდა, თამარ ხაჭაპურიძის სახელს ინტერნეტსივრცეში ბევრი სკანდალური ინფორმაცია უკავშირდება, რომლებსაც აღნიშნულ სტატიაში შემოგთავაზებთ. მათ შორისაა სკანდალური ვიდეო: „ნორისელი ქაჯი ხარ და დარჩები ნორისელ ქაჯად“ – ასე მიმართა თამარ ხაჭაპურიძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობდა.

 

ნახეთ აქ: ნოსირელი ქაჯი ხარ და დარჩები ნოსირელ ქაჯად

 

მორიგი ფაქტი: თამარ ხაჭაპურიძე შევარდა პარლამენტშიც, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სხდომაზე, დეპუტატები მთავარი პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს ხვდებოდნენ, რა დროსაც, სხდომაზე ხაჭაპურიძე ხმაურით შევარდა და განაცხადა, რომ მას პარლამენტში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ.

ეკა ბესელიამ და ვახტანგ ხმალაძემ ხაჭაპურიძეს მოუწოდეს ხმაური შეეწყვიტა, სხდომას დასწრებოდა, ან სხდომა დაეტოვებინა.

ირაკლი შოთაძემ ხაჭაპურიძეს შეხვედრა შესთავაზა, ხაჭაპურიძემ კი კითხვების დასმის უფლება მოითხოვა.

Tamara Khachapuridze breaks into the Parliamentary Building during the committee meeting

აღსანიშნავია, რომ მაღლა მოტანილი ფაქტების პარალელურად, ხაჭაპურიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორესაც უპირისპირდება. იხილეთ მისი პოსტი.

xachapuri

ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია სანდრა რულოვსზეც. კერძოდ, ინტერნეტ-სივრცეში აღმოვაჩინეთ ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია გაზეთ ალიაში გამოქვეყნებული ერთ-ერთი ეპიზოდი. სტატიის მიხედვით, ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე “ალიასთან” ინტერვიუში, საქართველოს პირველ ლედიზე სანდრა ელისაბედ რულოვსზე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, პირველ ლედის ახლო ურთიერთობა ჰქონდა კლინიკასთან, რომელიც დასაქმებულია იმით,  რომ ხელოვნურად გააჩინონ ბავშვები,  რომლებიც შემდგომ საზღვარგარეთ იყიდებიან ჰომოსექსუალურ წყვილებზე.
აღსანიშნავია, რომ შალვა ხაჭაპურიძე იმ პერიოდში იყო თამარ ხაჭაპურიძის ინტერესების დამცველი.

“მეტრონომი” დაუკავშირდა შალვა ხაჭაპურიძეს. ჩვენ მას კითხვა დავუსვით, თუ რა მტკიცებულებებს ეყრდნობოდა იგი, როცა ასეთ განცხადებას ავრცელებდა.

ხაჭაპურიძის თქმით, იმ დროს ის იცავდა თამარ ხაჭაპურიძეს და ეს არის ის, რისი თქმაც, ამ თემასთან დაკავშირებით მას შეუძლია. “მე ამ თემასთან დაკავშირებით მეტს ვერაფერს გეტყვით…” – უთხრა “მეტრონომს” შალვა ხაჭაპურიძემ.

თამარ ხაჭაპურიძე ბავშვების გაყიდვის თემას მხოლოდ სანდრა რულოვსს არ უკავშირებს. თუ მის პოსტებს კარგად ვნახავთ, ის ამ საკმაოდ სკანდალური თემით აპელირებისას, ბიძინა ივანიშვილსაც მოიხსენიებს. (იხილეთ შესაბამისი სქრინი ქვემოთ). ის ივანიშვილს სოლომონ მეფეს ადარებს და ამბობს, რომ ექს-პრემიერმა “უდიდესი წვლილი შეიტანა სხვადასხვა ქვეყნების ჰომოსექსუალების ქართველი ბავშვებით მომარაგების საქმეში”.

თამარ ხაჭაპურიძეს კუთვნილი ორგანიზაციის facebook-გვერდზე, ივანიშვილი მოხსენიებული პოლიტიკურ კონტექსტშიც ჰყავს: „სანთლით დავეძებთ ადამიანს, ვისაც 4 წლის განმავლობაში ამ კაცმა სამართლიანობა აღუდგინა. გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ“ – წერია ასოციაცია „მომავლის იმედის“ გვერდზე.

 

%e1%83%98%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90

იხილეთ ქვემოთ მისი მორიგი პოსტი:

%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%ad%e1%83%90

ამ ინფორმაციებს შორისაა ჯანდაცვის საერთაშორისო სააგენტო New Life Georgia-ს ხელმძღვანელ, მარიამ კუკუნაშვილთან არსებული კონფლიქტი, რომელი კომპანიაც თამარ ხაჭაპურიძის კონკურენტი კომპანიაა. როგორც მარიამ კუკუნაშვილი „მეტრონომთან“ საუბრისას აღნიშნავს, თამარ ხაჭაპურიძემ მას 8-ჯერ უჩივლა. თუ რას უკავშირდებოდა მისი პრეტენზიები, „მეტრონომთან“ კუკუნაშვილი დეტალურად ყვება:

„New Life დავაფუძნე 2008 წლის ივნისში. მან ამის შესახებ  რომ შეიტყო,  დამირეკა (რადგან თვითონაც ანალოგიური საქმიანობა აქვს) და მითხრა, რომ ციხეში ჩამალპობდა. იმ პერიოდში ნინო ბურჯანაძე იყო მთავრობაში, მემუქრებოდა მისით და ამბობდა, რომ ბურჯანაძე მისი ნათესავი იყო. ეს რა თქმა უნდა, სერიოზულად არ მიმიღია. თუმცა,  ძალიან მალე დაკითხვაზე დამიბარეს.

პირველი საჩივარი შეიტანა, რომ ვითომ ჩვენ, New Life-მა წავიყვანეთ ერთ-ერთი ადამიანი მაკა კედელაშვილი და თურქეთში გავყიდეთ. სავარაუდოდ, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს (პროკურატურას ამის დადგენა არ გაუჭირდება), რომ მაკა კედელაშვილისთვის მას ფული ჰქონდა გადახდილი, რათა ცრუ ჩვენება მიეცა. რა თქმა უნდა, ეს საქმე სასამართლომდე არც მისულა, იმიტომ, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა. ამ ქალს ეს ცილისწამება შერჩა. მე უკვე ოფიციალურად მივმართე პროკურატურას, რომ უწყებამ შეისწავლოს მაკა კედელაშვილისა და თამარ ხაჭაპურიძის დანაშაულებრივი ალიანსის თემა. ამის შემდეგ თამარ ხაჭაპურიძემ New Life-ში რამდენიმე ადამიანი შემოაგზავნა. ის ადამიანები ცდილობდნენ, რომ ჩვენთვის უკანონო ხელშეკრულებები შემოეთავაზებინათ, მოდიოდნენ ორსულები და გვთავაზობდნენ, რომ ორსულად იყვნენ და ბავშვის გაყიდვა უნდოდათ. შემდეგ ერთი-ორმა ისიც კი აღიარა, რომ ფული მისცა ხაჭაპურიძემ და რადგან შედეგი ვერ მიიტანეს, მან ის ფული უკან წაართვა, ან რაღაც ნაწილი აღარ მისცა. მოგვიანებით, ამის შესახებ ამ ადამიანებმა თავად განაცხადეს. ეს უკანასკნელი ინფორმაციაც პროკურატურას ჩვენს მიერ მიწოდებული აქვს“ – აღნიშნა კუკუნაშვილმა „მეტრონომთან“.

მისივე თქმით, თავად შვილები სუროგაციის გზით ეყოლა. როდესაც სუროგატები დაორსულდნენ, ხაჭაპურიძემ საჩივარი შეიტანა, სადაც ამბობდა, რომ მარიამ კუკუნაშვილი საკუთარი შვილების გაყიდვას აპირებდა.

„აი, ასე ორსული ქალებით რამოდენიმე თვე პროკურატურაში დაკითხვებზე გაგვატარებინა და ასეთ სტრესულ ვითარებაში გაჩდნენ ჩემი შვილები.

შემდეგ უკვე გვიჩივლა, რომ გეებზე ვყიდიდით ბავშვებს. ამაზე სატელევიზიო გადაცემაც არსებობს, მათ შორის „იმედშიც“, სადაც მე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოში კანონმდებლობით ეს შეუძლებელია და რომ ჩვენ არასოდეს გვყოლია აქ გეი პაციენტები. სწორედ ამ სატელევიზიო ერთ-ერთ გადაცემაში თამარიც იყო და ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე მან აღიარა, რომ მას ასეთი ვარაუდი ჰქონდა. შეიძლება, რომ ვარაუდების საფუძველზე ადამიანმა მეორე ადამიანს ჯოჯოხეთად უქციოს ცხოვრება?!“ – აღნიშა მარიამ კუკუნაშვილმა.

„ხაჭაპურიძეს საჩივარი კვლავ შეტანილი აქვს, ამჯერად ის New Life-ს ახალშობილი ჩვილების საზღვარზე გაყალბებული დოკუმენტებით გადაყვანაზე ედავება. კუკუნაშვილის თქმით, ეს სრული აბსურდია, რადგან კომპანიას არანაირ დოკუმენტების დამზადებასთან  კავშირი არ აქვს. ზოგადად ყველა გამწარებული ჰყავს ამ ქალს. დიღომში აქვს ოფისი ნაქირავები და იქ სისტემატიურად იძახებენ პოლიციას, იმიტომ, რომ მეზობელ ოფისში მომუშავე თანამშრომლებზე საცემად იწევს ისეთ ელემენტარულ რაღაცებზე, როგორიცაა მანქანის პარკინგის თემა.“ – ამბობს კუკუნაშვილი „მეტრონომთან“.

უნდა აღინიშნოს, რომ თამარ ხაჭაპურიძე არის იმავე პროფილის კომპანიის დამფუძნებელი, როგორსაც ფლობს მარიამ კუკუნაშვილი. ანუ მისი კომპანია, რეალურად იგივე საქმიანობას აწარმებს, როგორსაც კუკუნაშვილის New Life Georgia.

„მეტრონომის“ მცირე დაკვირვება საკმარისი აღმოჩნდა გარკვეულიყო, რომ ხაჭაპურიძის კომპანიის სახელწოდება წლების წინ ჟღერდა ასე: „საქართველოს სუროგაციის ცენტრი მომავლის იმედი“. ორგანიზაციამ შეიცვალა სახელი და გახდა „ასოციაცია მომავლის იმედი“.  ორგანიზაციის დასახელების თარიღის შეცვლა  იმ პერიოდს ემთხვევა, როცა თამარ ხაჭაპურიძე პირველად იწყებს მედია კამპანიას მისი კონკურენტი კომპანიის, New Life Georgia-ს ხელმძღვანელის წინააღმდეგ, უკვე არა როგორც სუროგაციასთან დაკავშირებული ორგანიზაციის, არამედ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის მესვეური, რომელიც ბავშვთა უფლებებს იცავს.

როგორც ირკვევა, თამარ ხაჭაპურიძე დაბარებული იყო იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, რომელიც შეეხებოდა „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ ჩვილ ბავშვებთან დაკავშირებით ყალბი მონაცემების შემცველი დაბადების მოწმობების გაცემის ფაქტებს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრომ განცხადებაც გაავრცელა:

,,თამარ ხაჭაპურიძემ იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ვერ წარმოუდგინა ვერცერთი დოკუმენტი და მტკიცებულება, რომელიც იუსტიციის სამინისტროს, ან მისი სსიპ-ების თანამშრომელთა ბრალეულობაზე შეიძლება მიუთითებდეს“- ნათქვამია განცხადებაში.

 

იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური განცხადება

 

ხაჭაპურიძე თავის კუთვნილი ასოციაციის გვერდზე იმასაც წერდა, რომ მას პროკურატურამ დაცვა დაუნიშნა, შემდეგ კი მოუხსნა, თუმცა დაცვის მოხსნის მიზეზი თავადაც არ იცის. „მეტრონომი“ ამ საკითხზე პროკურატურას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ სახელმწიფო დაცვის დანიშვნისა და მოხსნის თაობაზე ინფორმაცია გასაიდუმლოებულია.

მკითხველმა თავად უნდა განსაჯოს, თუ რეალურად რა იყო დღისით, მზისით მოსამართლესთან დაპირისპირების მიზეზი. სხვა ფაქტები, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ ვფიქრობთ, მკითხველს შეუქმნის რეალურ შთაბეჭდილებას, თუ დაპირისპირების რა რეალური მიზეზები არსებობდა გონიოში მოსამართლესა და რიგით მოქალაქეს შორის.

მთავარი იდეა, რის გამოც ასე დაინტერესდა „მეტრონომის“ რედაქცია მოსამართლესა და მოქალაქეს შორის მიმდინარე სასამართლო პროცესით, არის ინსტიტუციების მიმართ პატივისცემა და კულტურა. აქედან გამომდინარე, ასევე იმიტომ, რომ ქვეყანაში არ შეიქმნას მოსამართლეების მიმართ შურისძიების პრეცენდენტები, მიუხედავად იმისა, რომ მათი ვერდიქტები, რომელიღაც მხარისთვის, ყოველთვის აჩენენ ეჭვს.

„მეტრონომის“ რედაქცია იმედს იტოვებს, ჩვენ სტატიაში მოტანილ საქმესთან დაკავშირებული წინასასამართლო პროცესი, რომელიც 1 ნოემბერს ჩაინიშნა და  ამ საქმესთან დაკავშირებული შემდგომი  პროცესებიც, ობიქტურად და მიუკერძოებლად წარიმართება.

 

ლოლიტა შხვაცაბაია

სხვა ამბები

პრემიერმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა

newsadmin

“იმედის” კლინიკაში აფეთქების შედეგად დაშავებული 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

newsadmin

სერგეენკო – დაშვებულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა

newsadmin

არც ერთი ადამიანი დღეს თავშესაფრის გარეშე არ დარჩება – თბილისის მერის მოადგილე

newsadmin

იაშვილის კლინიკაში დაზარალებულების მოსანახულებლად პრეზიდენტი მივიდა

newsadmin

შს მინისტრის მოადგილე აფეთქებაზე – ყველაფერი გაკეთდება, რომ კონკრეტული შედეგები დაიდოს უსწრაფესად

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
სერგეენკო: უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას
“მართლა გამიჭირდება ღრმა კომპეტენტური პასუხის გაცემა. მეც იგივე აზრის ვარ, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, რომ ამაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას", - აცხადებს სერგეენკო. წყარო:.. ნახე სრულად..