aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„თავისუფალი დემოკრატების“ განცხადება საკონსტიტუციო რეფორმის გადარჩენის შესაძლებლობის შესახებ

aviabiletebi
ავიაბილეთები

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის  მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო ერთ-ერთი უმთავრესი არგუმენტი, რითაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ასაბუთებდა საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობას.

ამგვარად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის  მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ქვეყანაში სრულყოფილი საპარლამენტო მმართველობის შემოღებასთან ერთად, იყო ის მოცემულობა, რომლის პირობებშიც ხელისუფლებამ გამოაცხადა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის დაწყება.

სწორედ ამ მოცემულობის პირობებში შეიმუშავა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებათა პაკეტი; ამ მოცემულობის შესაბამისი კონსტიტუციური კანონპროექტის ინიცირება მოახდინა საკონსტიტუციო კომისიამ პარლამენტში; ამ მოცემულობით ჩატარდა ინიცირებული კანონპროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა მთელი ქვეყნის მასშტაბით; ამავე მოცემულობაზე იმუშავა და თავისი პოზიციები მოგვაწოდა ვენეციის კომისიამ, საქართველოში გასატარებელ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ( ვენეციის კომისიის მიერ მოწოდებული ყველა დასკვნა თუ წერილი იწყებოდა სწორედ იმ პოზიტიური ფაქტის აღნიშვნით, რომ საქართველო გადადიოდა მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე).

ეს მოცემულობა „ქართული ოცნების“  ხელისუფლებამ ერთპიროვნულად და თვითნებურად შეცვალა კონსტიტუციური კანონპროექტის საპარლამენტო განხილვების დაწყებამდე ორიოდე დღით ადრე და პარლამენტში წარმოდგენილ დეპუტატთა მხოლოდ საკუთარი კონსტიტუციური უმრავლესობის ხმებით, ორი მოსმენით უკვე მიიღო კანონპროექტი იმ ახალი მოცემულობით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება არსებული, შერეული (მაჟორიტარულ – პროპორციული) სისტემით, ხოლო მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მოხდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის.

ამ ახალ მოცემულობაზე „ქართული ოცნების“ გარდა არავის და არსად არ უმსჯელია; ამ კანონპროექტისათვის,  „ქართული ოცნების“ გარდა, პარლამენტში წარმოდგენილ არცერთ პოლიტიკურ ძალას მხარი არ დაუჭერია.

ამგვარად, დღეისათვის ორი მოსმენით მიღებული კონსტიტუციური კანონპროექტის ერთადერთ ავტორს და შემოქმედს სახელისუფლებო პოლიტიკური ძალა – „ქართული ოცნება“ წარმოადგენს.

ქვეყნის კონსტიტუციის ასე ერთპიროვნულად მიღება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის როგორც ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობის დოკუმენტის არსს და შესაბამისად, დაუშვებელია.

სწორედ ეს უმთავრესი შენიშვნა მიიღო ვენეციის კომისიისაგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ – რომ კონსტიტუციური ცვლილებების გასატარებლად აუცილებელია ფართო კონსესუსის მიღწევა ქვეყანაში წარმოდგენილ სხვა პოლიტიკურ ძალებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.

შექმნილ ვითარებაში, ხელისუფლებამ საჯარაოდ გამოაცხადა მზაობა შესაბამის სუბიექტებთან დიალოგისათვის.  თუმცა, იმავდროულად „ქართული ოცნების“ ლიდერების საჯარო განცხადებები იმის თაობაზე, რომ საარჩევნო სისტემასთან (მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხთან) დაკავშირებით უკვე ორი მოსმენით მიღებული პოზიცია არ გადაისინჯება, საფუძვლიან ეჭვს აჩენს ხელისუფლების გულწრფელობის მიმართ – „ქართული ოცნება“ მართლაც მივიდა იმ დასკვნამდე,  რომ  საკონსტიტუციო ცვლილებები მხოლოდ ფართო კონსენსუსის პირობებში უნდა განახორციელოს, თუ ცდილობს შექმნას კონსენსუსის იმიტაცია და სინამდვილეში სურს განახორციელოს ისეთი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც შესაძლებლობას მისცემს არასამართლიანი არჩევენების მეშვეობით შეინარჩუნოს ხელისუფლება, თუნდაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების  ინტერესის საზიანოდ.

თუ ხელისუფლებას მართლაც სურს კონსტიტუციური რეფორმის მაღალი ხარისხის საზოგადოებრივ – პოლიტიკური თანხმობის პირობებში განხორციელება და ასევე, მისთვის მართლაც მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის მოსაზრებები ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში გასატარებელ ცვლილებებთან დაკავშირებით (რასაც“ქართული ოცნება“ მუდმივად ხაზს უსვამდა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის პროცესში), ხელისუფლება უპირობოდ უნდა დაუბრუნდეს მის მიერვე შემოთავაზებულ თავდაპირველ მოცემულობას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით.

რაც შეეხება პროპორციული საარჩევნო სისტემის სხვადასხვა შემადგენლებთან დაკავშირებით კონსესუსის მიღწევას, „თავისუფალი დემოკრატები“ სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ ამ მიზნით  „ქართულ ოცნებასთან“  დიალოგის დასაწყებად.

აქვე აღვნიშნავთ, რომ მოცემულ საკითხთაგან უმთავრესად მიგვაჩნია ე.წ. „გაუნაწილებელი მანდატების“ სამართლიანად, პარლამენტში მოხვედრილ პოლიტიკურ ძალებს შორის პროპორციულად განაწილების უზრუნველყოფა.

ამგვარად,  ჯერი  „ქართული ოცნების“  ხელისუფლებაზეა.

მის მიერ ჩიხში შეყვანილი საკონსტიტუციო რეფორმის გადასარჩენად ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს მის მიერვე  შემოთავაზებულ თავდაპირველ მოცემულობას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით და ამ მოცემულობის პირობებში დაიწყოს დიალოგი სხვა პოლიტიკურ ძალებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, პროპორციული საარჩევნო სისტემის სხვადასხვა მდგენელებთან დაკავშირებით კონსენსუსის მისაღწევად.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლების მიერ რამდენიმე პოლიტიკურ პარტიასთან მიღწეული მოსალოდნელი შეთანხმება, ერთჯერადად  საარჩევნო ბარიერის დაწევასა თუ საარჩევნო ბლოკების შენარჩუნებაზე, არ იქნება ის რეალური საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონსენსუსი, რომელიც აუცილებელია კონსტიტუციური კანონის მისაღებად.

მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ ასე ერთპიროვნულად და თვითნებურად მიღებული კონსტიტუცია ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ  და სტაბილურ განვითარებას. შესაბამისად, მოსალოდნელ ნეგატიურ შედეგებზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება.

 

 

 

 

იტვირთბა....