aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძესთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

 

„სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ“ ევროპული კონვენციის 21–ე მუხლის თანახმად, ძებნის ინიციატორი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ უნდა მიმართოს შუამდგომლობით იმ ქვეყნის კომპეტენურ ორგანოს, რომლის მოქალაქეც არის ძებნილი პიროვნება და მოითხოვოს საქმის განხილვა.

 

შესაბამისად, ინტერპოლით ძებნილი საქართველოს მოქალაქის საქართველოს ტერიტორიაზე დასაკავებლად, იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა დანაშაულის ჩადენა, უნდა გადმოეგზავნა სისხლის სამართლის საქმის მასალები საქართველოს შესაბამის ორგანოებში შემდგომი რეაგირებისთვის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აღნიშნული კომუნიკაცია არ შემდგარა, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოსა და რუსეთს შორის საპოლიციო თანამშრომლობა არ ხორციელდება. ამდენად, ქართულ მხარეს არც საკმარისი ინფორმაცია, არც საფუძველი და არც არავითარი მოტივი არ ჰქონდა ზემოთ აღნიშნული პირის დაკავებისთვის ან მისთვის თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობის შეზღუდვისთვის.

 

აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის თანახმად, მესაზღვრის ან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის, ვინც კონკრეტულ შემთხვევაში საკონტროლო გამშვებ პუნქტზე თავის მოვალეობას ასრულებს, ვალდებულებაა, შეამოწმოს საზღვრის გადაკვეთისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტები, მათი ვადები, კანონიერება და რამდენად უფლებამოსილია პირი, გადაკვეთოს საზღვარი წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. შესაბამისად, თუ დოკუმენტაციაში რაიმე სახის დარღვევა არ იკვეთება, ამავე დროს, პირი არ არის ძებნილი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ, მესაზღვრე ან საპატრულო პოლიციის წარმოამდგენელი ვალდებულია, შეუფერხებლად გაატაროს იგი“, – აცხადებენ შსს-ში.

 

უწყების ინფორმაციით, ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ შესაბამისი პროცედურების გავლით, (რაც გულისხმობს მის შესაბამისობას ინტერპოლის კონსტიტუციასთან, კერძოდ, თუ დანაშაული არ განეკუთვნება სამხედრო, პოლიტიკურ, რელიგიურ, რასობრივს და არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს), 2016 წლის 23 დეკემბერს, დაკავებისა და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით, საერთაშორისო ძებნაში გამოცხადდა 1969 წელს 2 აპრილს დაბადებული გია ცერცვაძე.

 

შსს-ს განმარტებით, აღნიშნული პიროვნება რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება 2003 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის (მკვლელობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მკვლელობის მცდელობა ჯგუფურად, იარაღის უკანონო ტარება).

 

„ინტერპოლის მონაცემთა დამუშავების წესების მე–5 მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ინტერპოლის წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან, ერთმანეთთან საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის მიზნებისათვის გაცვალონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ინფორმაციის გაცვლა ინტერპოლის 190 წევრ ქვეყანაში ძებნილ პიროვნებაზე წარმოადგენს ვალდებულებას.

 

ინფორმაციის გაცვლა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსა და წევრი ქვეყნების ეროვნულ ცენტრალურ ბიუროებს შორის ხორციელდება ინტერპოლის სპეციალური, დაცული ქსელის მეშვეობით“, – განმარტეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, აფხაზეთისა და აგვისტოს ომის მონაწილე გია ცერცვაძე რუსეთის მოთხოვნით, ერთი კვირის დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა 13 წლის შემდეგ, გასული წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა.

 

სააპელაციო სასამართლოში ქართველი სამხედროს გია ცერცვაძის ადვოკატებმა კიევის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, რომელმაც რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე დაკავებულ სამხედროს, 40-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

იტვირთბა....