aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს ბიზნესის ფაკულტეტის განადგურებაა“: რა ხდება ილიას უნივერსიტეტში

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქცია გამართეს. ისინი უნივერსიტეტის 25-ამდე ლექტორის გათავისუფლებას აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ მათ ხელშეკრულება უკანონოდ შეუწყვიტეს. ისინი ასევე ბიზნეს-სკოლის დეკანის, ნინო პატარაიას გადადგომას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, რომ გაზაფხულის სემესტრიდან ყველა გათავისუფლებული ლექტორი დააბრუნონ.

საქმე ეხება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორების მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებას. ლექტორებმა (თამთა გველესიანი, პაატა შურღაია, სალომე ციმაკურიძე, მარიამ თავზარაშვილი, გიორგი კენჭუაშვილი, ხათუნა მურჯიკნელი, გურამ შეროზია) განცხადება გაავრცელეს, სადაც ხელშეკრულების უმიზეზოდ შეწყვეტას აპროტესტებენ და რექტორთან შეხვედრას ითხოვენ,

სიტუაციის უკეთ  გასარკვევად, “მეტრონომი” ერთ-ერთ გათავისუფლებულ ლექტორს დაუკავშირდა. გურამ შეროზია ჩვენთან საუბრისას აღნიშნულ ფაქტს პირად სიმპათიაზე დაყრდნობილ უსაფუძვლო გადაწყვეტილებას უწოდებს. მისი თქმით, ადმინისტრაცია ლექტორებს სხვადასხვა მიზეზებს უსახელებდა, საბოლოოდ კი ერთზე შეჯერდნენ:

“ბოლოს, უნივერსიტეტის დეკანი შეთანმხდა მიზეზზე, რომ ჩვენ ვასწავლით სხვა უნივერსიტეტებში. თვითონვე აღიარებდნენ, რომ ეს კონტრაქტით არ გვეკრძალებოდა. მანამდე ჩვენთან არც არანაირი გამაფრთხილებელი კომუნიკაცია მომხდარა. ითხოვდნენ, რომ აფილირებული ვყოფილიყავით მხოლოდ ილიას უნივერსიტეტთან.

როგორც ჩანს, ტერმინის არასწორი გაგება ჰქონდათ, რადგან ის, რომ სხვადასხვა უნივერსიტეტში ვასწავლით არ ნიშნავს, რომ იქ ვართ აუცილებლად აფილირებული და არ შეიძლება ვიყოთ ილიას უნივერსიტეტთან”- ამბობს “მეტრონომთან” შეროზია.

მისი თქმით, ამ ფაქტის გამო, უნივერსიტეტში არეულია სასწავლო პროცესი და ცხრილები. შეროზია მიიჩნევს, რომ იმ გათავისუფლებულ ლექტორებზე იდგა ილიას უნივერსიტეტის პრესტიჟი და ის ვერ ხსნის რა შეიძლება იყოს მათი გაშვების რეალური მიზეზი:

“ეს ფაქტი უნივერსიტეტს სამომავლო განვითარების კუთხით, ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს. ჩვენ მოვითხოვთ იყოს ლოგიკური დასაბუთება, თუ რის გამო გაგვიშვეს.  ჩვენთვის და სტუდეტებისთისაც იყოს ცნობილი ის რეალური მიზეზი, რისთვისაც მოხდა ხელშეკრულების შეწყვეტა იმიტომ, რომ ჩვენ დღემდე ინფორმაციულ ვაკუუმში ვიმყოფებით და რაღაც აბსურდული მიზეზებით ხდება ჩვენი „მოგერიება“- აღნიშნავს გურამ შეროზია.

გათავისუფლებული ლექტორები განათლების სამინისტროსთან და უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრას ითხოვენ.

“ეს ყველაფერი საბჭომ უნდა განიხილოს და არ უნდა იყოს დეკანის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რასაც  მოდით პირდაპირ დავარქვათ სახელი, ეს არის ბიზნესის ფაკულტეტის განადგურება“- აღნიშნა შეროზიამ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის საპასუხო განცხადებაში კი ვკითხულობთ:

„სოციალურ ქსელში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის შვიდი მოწვეული ლექტორის ხელმოწერით გავრცელდა განცხადება. განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ შემოდგომის სემესტრში ბიზნესის სკოლამ შრომითი ხელშეკრულება არ განაახლა იმ მოწვეულ ლექტორებთან, რომლებიც სხვა კერძო უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები გახდნენ.

გვინდა, უფრო დეტალურად განვმარტოთ, თუ რა გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი.

წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისევე როგორც საქართველოში ავტორიზებული ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, აკრედიტაციას ახალი სტანდარტებით გადის.

ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამების აკრედიტაციის ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით (იხ. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტი https://goo.gl/rWSELY), ბიზნესის სკოლაში განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება, კერძოდ:

  • სტუდენტთა არსებული და მისაღები კონტიგენტების გათვალისწინებით მნიშვნელოვნად გავზარდეთ მუდმივი აკადემიური პერსონალის (პროფესორების) რაოდენობა ძირითად საგნებში;
  • აკადემიურ პერსონალთან, ახალი სტანდარტების შესაბამისად, გავაფორმეთ ხელშეკრულებები, რომლებიც მათ ავალდებულებს, აფილირებულები იყვნენ მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ჩართული იყვნენ არა მხოლოდ სწავლების პროცესში, არამედ კვლევით პროექტებში, სასწავლო პროგრამების ადმინისტრირებასა და უნივერსიტეტის ექსტრაკურიკულარულ საქმიანობაში, და, ასევე, ინდივიდუალური კონსულტაციები გაუწიონ სტუდენტებს;
  • მოწვეულ ლექტორებთან უმეტესწილად ხელშეკრულებები გაფორმდა მხოლოდ არაძირითად საგნებში და ისიც მცირე საათობრივი დატვირთვით.

აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, რომლებიც მიზნად ისახავს პროგრამების აკრედიტაციის ახალ სტანდარტებთან შესაბამისობას, პროგრამების შეუფერხებელ განხორციელებასა და ბიზნესის სკოლაში სწავლების ხარისხის ამაღლებას, შემოდგომის სემესტრში შრომითი ხელშეკრულებები არ განუახლდათ იმ მოწვეულ ლექტორებს, რომლებიც წინა წლებში ბიზნესის სკოლაში ძირითად საგნებს ასწავლიდნენ, ცოტა ხნის წინ კი სხვადასხვა კერძო უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები გახდნენ.

ავტორიზაციის ახალი სტანდარტებისა და უნივერსიტეტის აკადემიური იდენტობის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებს ძირითად საგნებს უნდა ასწავლიდნენ ჩვენივე უნივერსიტეტის პროფესორები“, – ნათქვამია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

იტვირთბა....