aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გლდანში გარემოვაჭრეები ტერიტორიაზე დაბრუნებას ითხოვენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

გლდანში, მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიიდან გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი კონსტრუქციების აღებას ხმაური მოჰყვა. გარემოვაჭრეები ტერიტორიაზე დაბრუნებას და ვაჭრობის უფლებას ითხოვენ.

თბილისის მერია მათ ბაზარში და სავაჭრო ცენტრებში მუშაობას სთავაზობს, თუმცა მოვაჭრეები აცხადებენ, რომ მცირე რაოდენობის საქონელზე ვაჭრობით გადასახადს ვერ გადაიხდიან.

„ღამის 12-პირველ საათამდე ქუჩაში ვდგავართ, რომ 10 პარკი გავყიდო და რაღაცა დამრჩეს. უნდა დავრჩე 70 წლის ქალი მშიერი, შეიძლება ასეთი რამე?“- ამის შესახებ ერთ-ერთმა მოვაჭრემ დალი მატიაშვილმა განაცხადა.

„აქ ვინც ვართ, ყველას აქვს ბანკის სესხი. იხრჩობა ხალხი ისეთ დღეშია. ისეთ ადგილას შემოგვთავაზეთ მუშაობა, სადაც არის გარანტია, რომ ჩვენ ვიმუშავებთ და ამ სესხებს დავფარავთ“- განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

შეგახსენებთ, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა მეტროსადგურ “ახმეტელის” მიმდებარედ განთავსებული გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. ტერიტორია თბილსერვის ჯგუფმა დაასუფთავა.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა მეტროსადგურ “ახმეტელის” მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილეს, შეეწყვიტათ უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა. თბილისის მერის მოადგილის, გიგა ნიკოლეიშვილის თქმით, გარემოვაჭრეებს უკანონო საქმიანობის გაგრძელების უფლება აღარ მიეცემათ. “ჩვენ მათ ბაზრობებზე შესვლას და სამეწარმეო საქმიანობის იქ გაგრძელებას ვთავაზობთ. პირობები იგივე იქნება – პირველი 6 თვის მანძილზე საიჯარო გადასახადს არ გადაიხდიან“,- აღნიშნა გიგა ნიკოლეიშვილმა.

მერიის ინფორმაციით, გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით, თბილისის მერიასა და რაიონულ გამგეობებს, ასევე მაჟორიტარ დეპუტატებს მოქალაქეებმა არაერთხელ მიმართეს.

“გარდა იმისა, რომ გარევაჭრობა უკანონოდ ხორციელდება, ასევე, ირღვევა მალფუჭებადი პროდუქციის შენახვის პირობები, ხდება გაურკვეველი წარმოების პროდუქციის გაყიდვა, ჩნდება ანტისანიტარია, მახინჯდება თბილისის იერსახე და ფერხდება გადაადგილება. თბილისის მერიამ უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება 19 მარტს, მეტრო “მარჯანიშვილის” მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. ანალოგიურ ღონისძიებებს მერია მომავალშიც განახორციელებს და მოვაჭრეებს უნებართვო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ”, – წერია მერიის განცხადებაში.

იტვირთბა....