aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

გირგვლიანის საქმე და სააკაშვილის ექსტრადიცია: რას ელოდება თბილისიდან პოროშენკო

aviabiletebi
ავიაბილეთები

რატომ არ  დაიწყო უკრაინულმა მხარემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების პროცესი, მითუმეტეს, როცა საქართველოს პროკურატურამ სამი თვის წინ, უკრაინას სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა. ამ საკითხთან დაკავშირებით, „მეტრონომთან“ სააკაშვილის ადვოკატი დავით კაკოიშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა უკრაინა საქართველოს  სასამართლოს მხრიდან წაყენებული 4 ბრალდებიდან ერთ მათგანზე მაინც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომას ელის. ადვოკატი სწორედ ამას უკავშირებს გირგვლიანის საქმის დაჩქარებული ტემპით განხილვას.

კაკოიშვილი ამბობს, რომ პეტრო პოროშენკოს ვიზიტის დროს, მან სწორედ ეს მოთხოვნა დააყენა და ბიძინა ივანიშვილთან ერთად შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც სააკაშვილი საქართველოს უნდა გადასცენ.

ცნობისთვის, ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის მკვლელობაზე მსჯავრდებულების შეწყალების საქმეზე მსჯელობა განახლდება და სააკაშვილის ადვოკატ დავით კაკოიშვილის განცხადებით, ხმაურიან პროცესზე კუდ-ის ყოფილი უფროსის – დათა ახალაიას „სკაიპით“ დაკითხვა იგეგმება.

სააკაშვილის ადვოკატი დავით კაკოიშვილი „მეტრონომთან“ აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც პეტრო პოროშენკო საქართველოში იმყოფებოდა, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილის წინააღმდეგ წარდგენილი 4 საქმიდან ერთ-ერთის, კონკრეტულად, სანდრო გირგვლიანის საქმის დაჩქარებული ტემპით განხილვა დაიწყო.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ  საქართველოს პროკურატურას ჰქონდეს იმედი, სააკაშვილის მიმართ გირგვლიანის საქმეზე გამომტყუნებელი განაჩენი დადგეს, რის შემდეგაც კიევს სააკაშვილის სამშობლოში ექსტრადირება გაუდვილდება. ადვოკატი ამბობს, რომ ზუსტად ეს ეჭვი აქვს სააკაშვილს, რომელიც ფიქრობს, რომ პოროშენკოსა და ივანიშვილს შორის გარიგება შედგა, რაც ექს-პრეზიდენტის საქართველოსთვის გადაცემის გეგმა შემუშავდა.

თუმცა, სააკაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ წარმოუდგენელია გირგვლიანის საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადოს, რადგანაც სააკაშვილმა გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული პირების შეწყალებით, მის ხელთ არსებული კონსტიტუციური უფლება გამოიყენა. ამის გამო კი პასუხისგებაში მესამე პრეზიდენტის მიცემა ყველანაირ სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება.

„მართალია ხვალინდელი სასამართლო პროცესით საქმის განხილვა ვერ დამთავრდება, თუმცა ბრალდების მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა უკვე დაასრულა. დაცვის მხარეს თავისი მტკიცებულებების გამოკვლევა ჯერ არ დაუსრულებია. შესაბამისად, როდის დასრულდება პროცესი და გადაწყვეტილება როდის გახდება ცნობილი, რთული სათქმელია. ყველა კარგად  ხედავს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ წაყენებული 4 ბრალიდან გირგვლიანის საქმის განხილვა ყველაზე სწრაფ ტემპში მიმდინარეობს.

რა თქმა უნდა, ჩნდება ეჭვი, რომ სწორედ პოროშენკოს საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ორი წლის მანძილზე გაწელილი საქმის განხილვა უცბად ჩქარდება და პროკურატურა, ასე ვთქვათ, მთელი „ფაციფუცით“ ცდილობს რაღაც თითქოს კონკრეტულ დროში, საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილება მიიღოს. სააკაშვილიც ფიქრობს, რომ პეტრო პოროშენკოსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გარკვეული გარიგება დაიდო, რომ სააკაშვილის ექსტრადირება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შემდეგ მოხდეს.

რამდენად შეიძლება ამ საქმეზე ასეთი განაჩენის დადგენა წარმოუდგენელია, რადგანაც სააკაშვილს ამ შემთხვევაში პროკურტურა ედავება, მან რატომ გამოიყენა მის ხელთ არსებული კონსტიტუციური უფლება და რატომ შეიწყალა გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული პირები. ეს კი ყველანაირი სამართლის ნორმებიდან ამოვარდნილია“, – ამბობს „მეტრონომთან“ კაკოშვილი.

იურისტი ლია მუხაშავრია „მეტრონომთან“ აცხადებს, რომ უკრაინას თუკი სააკაშვილის ექსტრადირება სურს, მას საქართველოსთვის მისი გადაცემა აქამდეც შეეძლო. თუმცა, მისი აზრით, საქართველოს პროკურატურის მხრიდან გაგზავნილ მოთხოვნაში არ არის მყარი დასაბუთება იმ ბრალდებების შესახებ, რასაც სააკაშვილს ქართული მხარე  ედავება.

სწორედ კიევის მოთხოვნას უკავშირებს მუხაშავრია გირგვლიანის საქმის, ბოლო დროს, დაჩქარებული ტემპით განხილვას. იურისტი ფიქრობს, რომ ამ საქმეზე დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენი შესაძლოა უკრაინისთვის სააკაშვილის ექსტრადირების მთავარი მიზეზი გახდეს. მისი აზრით, სავარაუდოდ, უკრაინას უჭირს, რომ სააკაშვილს, ამხელა პოლიტიკურ ფიგურას, ხელზე ბორკილები დაადოს და საქართველოს გადასცეს. უფლებადამცველი ფიქრობს, რომ ამიტომ სჭირდებათ მათ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.

„რეალური აღმოჩნდა და ეჭვი აღარც არსებობს, რომ უკრაინა ერთ საქმეზე მაინც სააკაშვილის წინააღმდეგ გამამტყუნებელ განაჩენს ელის. მათ მოთხოვნა ბრალდების საფუძველზე შეეძლოთ გაეგზავნათ, მაგრამ როგორც  ჩანს, ეს ბრალდებები საკმარისად დასაბუთებული და გამყარებული არ არის. ვფიქრობ, რომ ძალიან საყურადღებო ამბავია და პროკურატურას აქამდეც უნდა ჰქონოდა უფრო მეტი დასაბუთება, რომ ექს-პრეზიდენტის ექსტრადირება მომხდარიყო. ვაი და არ დადგა ეს გამამტყუნებელი განაჩენი, მერე რა ხდება?

ფაქტია, რომ საქმე, რომელიც ორი წლის მანძილზე იწელებოდა, ახლა პროკურატურა მოულოდნელად გააქტიურდა და სურს, რომ სწრაფად დაასრულოს. შეიძლება ადამიანი არ იყოს გამტყუნებული და ბრალდება საკმარისი აღმოჩნდეს, რომ მისი ექსტრადირება მოხდეს. ჩვენ გვახსოვს, სამი თვის წინ პროკურატურამ განაცხადა, რომ სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნა უკრაინას კიდევ ერთხელ გაუგზავნა.

ჯერ ერთი ასეთი საკითხების გასაჯაროება არ ხდება და მიკვირს ქართული მხარის საქციელი და მოტივაცია და მეორეც უკრაინაში ამდენი ხნის მანძილზე საკითხი უკვე უნდა განხილულიყო. ჩემი ვარაუდით, საქართველოს მიერ გაგზავნილი მოთხოვნის დასაბუთება უკრაინამ დაიწუნა და ახლა ჩვენი პროკურატურა ცდილობს რომ უფრო მეტი არგუმენტაციით ეს მოთხოვნა გაამყაროს“, – ამბობს მუხაშავრია „მეტრონომთან“.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს ბრალი 4 სს საქმეზე აქვს წარდგენილი და არცერთ საქმეზე განაჩენი არ გამოუტანიათ.

სააკაშვილს ედავებიან: ვალერი გელაშვილის ცემის, სამთავრობო დაცვის სამსახურის 9 მილიონი ლარის გაფლანგვის, 7 ნოემბრის დარბევისა და გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირების შეწყალების საქმეებს.

გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც 5-დან 8-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის დაფარვის მიზნით მიხეილ სააკაშვილი კუდ-ის უფროს დათა ახალაიას დაჰპირდა, რომ გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულებს შეიწყალებდა, რაც მან 2008 წელს გააკეთა და საპატიმრო სასჯელი გაუნახევრა მსჯავრდებულებს – გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძესა და ავთანდილ აფციაურს.

ის, რომ გირგვლიანის საქმის გამოძიება დასასრულს უახლოვდება ჯერ კიდევ თვის დასაწყისში დააანონსა მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილე მამუკა ვასაძემ.

ავტორი: ელზა პაპოშვილი

 

იტვირთბა....