aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“აგენტი-პროვოკატორები”: პროკურატურის მუდმივი მოწმეები, რომლებიც მოქალაქეებს ციხეში უშვებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

არსებობენ თუ არა და ვინ არიან აგენტი-პროვოკატორები, რომელთა დახმარებითაც პროკურატურას არა ერთი საქმე გაუხსნია და ახლაც, მათ როგორც ოქროს მოწმეებს სასამართლო პროცესებზე კვლავაც იყენებენ. „მეტრონომთან“ ამ ადამიანების საქმიანობის შესახებ და პროკურატურის მხრიდან მათი გამოყენების სქემაზე ადვოკატები საუბრობენ. ისინი კონკრეტული ადამიანების სახელს და გვარებს ასახელებენ, რომლებიც დღემდე არაერთ საქმეზე მოწმის სახით გამოდიან.

ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი „მეტრონომთან“ საუბარში ამბობს, რომ სწორედ დღეს სასამართლო პროცესზე მისი დაცვის ქვეშ მყოფ ახალგაზრდას დაუპირისპირეს მოწმე, რომელიც სააკაშვილის დროს, არა ერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს. მისი თქმით,  აგენტი-პროვოკატორი მის კლიენტს, რამდენიმე დღის წინ,  აფთიაქის „ჯიპისის“ დაყაჩაღებას აბრალებს.

ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ ე.წ. აგენტ მოწმეებს ჩვენი პროკურატურა და საგამოძიებო ორგანოები სისტემატიურად იყენებენ. მისი თქმით, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც მოწმედ ყოფნა ფაქტიურად პროფესიად აქვთ ქცეული.

ადვოკატი ყვება, რომ პიროვნება, რომელიც მის კლიენტს ხელს ადებს, დავით ჟღენტია. ის მიხეილ სააკაშვილის დროს, სასამართლოში მოწმის სახით არაერთ საქმეზე უნახავს. იურისტის თქმით, ახალმა ხელისუფლებამ სააკაშვილისდროინდელი პრაქტიკა გადაიბარა და ეს ადამიანები, სრული სახით, კვლავ ჩვეულ საქმიანობას აგრძელებენ.

პრაქტიკა კი შემდეგია – ერთიდა იგივე პროკურორს, ყველა საქმეზე საკუთარი აგენტი მოწმეები ჰყავს, რომლებიც ნებისმიერ საქმეზე მოწმის სახით გამოდიან და პირის ბრალეულობას ამტკიცებენ. ადვოკატი ამბობს, რომ ჟღენტი ე.წ. პრორფესიონალი მოწმეა, რომელიც ამ სახის საქმიანობას წლებია ეწევა და ნიკოლეიშვილს ის არაერთ პროცესზე უხილავს.

„ე.წ. აგენტი მოწმეები როგორც პროფესია საქართველოში წლებია ამ სახით არის ჩამოყალიბებული. არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელთა უმეტეს ნაწილს ნასამართლევი პირები წარმოადგენენ და ისინი საგამოძიებო ორგანოების მეშვეობით სხვადასხვა სახის პროვოკაციულ დავალებებს ასრულებენ.

მაგალითად,ძალოვანი ან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დავალებით, ისინი მოქალაქეების წინააღმდეგ სასამართლოში მოწმის სახით გამოდიან მისი ბრალის დამტკიცების მიზნით, ამოცნობას ახორციელებენ და ამბობენ, რომ კონკრეტული დანაშაული სწორედ ამ პირმა ჩაიდინა.

დღეს, ზუსტად სასამართლოში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი 21 წლის ახალგაზრდის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად ასეთი აგენტი-პროვოკატორი მოწმე მოიყვანეს, რომლის სახელი და გვარიც დავით ჟღენტია. ის ჩემს კლიენტს ხელს ადებს, რომ მან დაინახა რამდენიმე დღის წინ „ჯიპისის“ აფთიაქი როგორ გაძარცვა.

მოწმე ამბობს, რომ ის ამ დროს სწორედ ტაქსით გადაადგილდებოდა და მისი სახის დანახვა შეძლო. რა თქმა უნდა, რომ ეს პირი მაშინვე ვიცანი, რადგანაც ის მიხეილ სააკაშვილის დროს, არაერთ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით მინახავს. გეტყვით ერთ კონკრეტულ საქმეს, სადაც ეს ე.წ. მოწმე პროკურატურის ოქროს მოწმეს წარმოადგენდა.

იყო ასეთი მალხაზ გველუკაშვილის და ლაშა ჩხენკელის საქმე, რომლებსაც იარაღის უკანონო ტარება და გადატრიალების მცდელობა ედებოდათ ბრალად. ეს იყო 2009 წელს და მაშინ ამ პირებს მიუგზავნეს აგენტი-პროვოკატორი დავით ჟღენტი, რომელსაც გადამღები კამერა დაუმაგრეს და მან ამ პირების საუბარი ჩაიწერა, რის შემდეგადაც ეს ადამიანები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის დააკავეს.

ჟღენტი ამ კონკრეტული საქმის გარდა, კიდევ არაერთ საქმეში მოწმის სახით მიხილავს. ეს არის პროფესიონალი მოწმე, რომელიც სახელმწიფოსგან გარკვეულ თანხასაც იღებს, ან ხშირ შემთხვევაში,არიან ნასამართლევი პირები, რომლებიც სამართალდამცავების მიერ არიან გადაბირებულები და მათთვის მუშაობენ“,-ამბობს ნიკოლეიშვილი „მეტრონომთან“.

მისივე თქმით, მან დავით ჟღენტის ყველა ძველი საქმე ამოიღო და ვაკე-საბურთალოს პროკურორს მიმართა, რომ არ გაბედონ და 21 წლის ახალგაზრდას, რომლის ინტერესებსაც ის იცავს, ე.წ. მოწმის საფუძველზე ბარლი ტყუილადდასდონ.

ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ ჯერ პროკურორს გამაფრთხილებელი წერილი მიწერა, ხოლო თუ ამას რეაგირება არ მოჰყვა, მაშინ ის არ გაჩერდება და ყველა ის ადამიანი, რომელმაც ხელი ცრუ მტკიცებულებების მოგროვებას ხელი შეუწყო, დაისჯებიან, რადგანაც ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.

ადვოკატის განცხადებით, არსებობს ვიდეო ჩანაწერები, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ახალგაზრდა, „ჯიპისის“ აფთიაქის ძარცვის დროს, სრულიად სხვაგან იმყოფებოდა, მიუხედავად ამისა, პროკურატურის მოწმემ დავით ჟღენტმაბრალი მაინც დასდო.

ნიკოლეიშვილის თქმით, ჟღენტი დაიმედებულია, რომ მას პოლიცია მფარველობს და მიუხედავად მყარი ალიბისა, 21 წლის ახალგაზრდას მაინც ბრალი დასდო.

„მეტრონომმა“ არქივში მოიძია ინფორმაცია – ვინ არის ადვოკატ გელა ნიკოლეიშვილის მიერ ხსენებული ე.წ. აგენტი-პროვოკატორი დავით ჟღენტი. მის შესახებ არა ერთი ინფორმაცია მოიძებნა და ის სხვადასხვა სასამართლო პროცესებში მოწმის სახით არის წარმოდგენილი.

jgenti

როგორც ნიკოლეიშვილმა განაცხადა, 2009 წლის მაისში გადატრიალების მცდელობის ფაქტზე ჟღენტის ჩვენების საფუძველზე ლაშა  ჩხენკელი და მალხაზ გველუკაშვილი დააკავეს. მათ წინააღმდეგ კი ერთადერთი მოწმე, დავით ჟღენტი ფიგურირებს.

ჟღენტის შესახებ ჩვენ ინფორმაცია სხვა წყაროებიდანაც მოვიძიეთ და მის შესახებ შემდეგი ინფრომაციას მივაკვლიეთ. ის 2009 წელს, ასევე მოწმის სახით ბანკის ძარცვასა და ამ ძარცვაში ეჭვმიტანილთა დაკავებაში ფიგურირებს. დავით ჟღენტი ამ საქმეშიც მთავარი მოწმეა და გამოძიებას ეჭვმიტანილთა ამოცნობაში ეხმარება. საქმის მასალებზე დაყრდნობით  ჟღენტმა ყაჩაღობიდან 4 თვის შემდეგ “ამოიცნო” დამნაშავეები, რომლებიც მან 4 თვის წინ 25 მეტრის მანძილიდან დაინახა.

დავით ჟღენტმა “მოწმის პროფესიის” მეშვეობით დღემდე ბევრი ადამიანის დაპატიმრებაში შეუწყო ხელი სამართალდამცავებს. მისი სახელი ჩხენკელისა და გველუკაშვილის საქმის შემდეგ ბევრ გამომძიებელსა და ადვოკატს გაახსენდა. იურისტების თქმით, სამართალდამცავებთან მუშაობენ “პროფესია მოწმის” შტატით გარკვეული წარსულისა და გამოცდილების ადამიანები.

ნიშანდობლივია, რომ ჟღენტი 90-იან წლებში ერთ-ერთი შეიარაღებული ფორმირების წევრი გახლდათ და მათ შორის პირველი არ არის, ვისაც ხელისუფლებამ წარსულის “შენდობის” სანაცვლოდ, სწორედ, ასეთი საქმეების კეთება დაავალა. სხვათაშორის ეს ინფორმაციაც „მეტრონომმა“ მოიძია.

ჩვენ დავადგინეთ ისიც, რომ ჟღენტი ბოლო დროს ტაქსის მძღოლის პროფესიასაც ითავსებს. მისი ბიოგრაფიიდან კიდევ ერთ საგულისხმო დეტალია: 1993-96 წლებში ის შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობდა პოლიციელად. ეს აფხაზეთის ომის დასრულების შემდგომი პერიოდია.

„მეტრონომის“ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ამ პირის მოძიება და მასთან გასაუბრება ვერ მოხერხდა. მისი ადგილსამყოფელი მკაცრად გასაიდუმლოებულია და მის მიერ ჩვენებებში მითითებულ ბინაზე მსგავსი სახელის და გავრის ადამიანს არადროს უცხოვრია.

ადვოკატი ემზარ პაქსაძე „მეტრონომთან“ საუბრისას ამბობს, რომ ყველა იმ აგენტის ვინაობა ცნობილია, რომლებიც სამართალდამცავების მიერ სასამართლო პროცესებზე მოწმის სახით გამოდიან. პაქსაძის განცხადებით, ეს არის 15-კაციანი ჯგუფი, რომლებიც ძირითადად, ცნობილი აგენტი მოწმეები არიან და სხვადასხა გახმაურებულ საქმეებზე მოწმის სახით წლების განმავლობაში გამოდიან.

ადვოკატის განცხადებით, ყველა ეს ადამიანი, როგორც წესი ნასამართლევია, რომელთა უმეტესობასმრავალწლიანი სასჯელი აქვს, თუმცა სამართალდამცავებთან გარკვეული გარიგების თუ სხვა სახის შეთანხმების საფუძველზე, ისინი ციხიდან დროზე ადრე გამოდიან და იწყებენ ე.წ. აგენტი-პროვოკატორის საქმიანობას.

პაქსაძის განცხადებით, ისინი საგამოძიებო ორგანოების მიერ კონკრეტულ დავალებებს ასრულებენ. მაგალითისთვის ადვოკატი ამბობს, რომ თუ სახელმწიფოს ან რომელიმე საგამოძიებო ორგანოს საჯარო სამსახურში მომუშავე პირის დაკავება სურს და მის წინააღმდეგ ხელშესახები არაფერი აქვს, მას ე.წ. აგენტ-პროვოკატორებს უგზავნიან. ისინი მათ ბიზნესმენის, ან მათ სფეროში მოღვაწე მოქალაქეებად ეცნობიან.

მათ ნდობას თვეების განმავლობაში მოიპოვებენ და შემდეგ მათთან კონკრეტული წინადადებებით მიდიან. შეიძლება ეს იყოს რაიმე თანხის, ან საფასურის სანაცვლოდ შეთავაზება, რომელსაც ფარულად იწერენ. ხოლო შემდეგ მას იმგვარად ამონტაჟებენ, როგორც ეს საგამოძიებო ორგანოებს აწყობს. პაქსაძეს ამის მაგალითად 2013 წელს კახეთში მომხდარი ფაქტი მოჰყავს, როდესაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 12 საჯარო მოხელე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა.

ყველა მოხელე თანამდებობაზე ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ იყო დანიშნული. ბრალდებულები სხვადასხვა რეგიონის, სხვადასხვა რანგის ჩინოვნიკები იყვნენ, მთავარი მოწმე კი ერთი რუსლან მამედოვი იყო აგენტი-პროვოკატორი, რომელსაც, საქმის მიხედვით, ყველა დაკავებულმა მოხელემ ქრთამი მოსთხოვა.

„ყველა პროკურორს სასამართლო პროცესზე თავისი აგენტი-პროვოკატორები ჰყავს. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც პროკურორს რამდენიმე სასამართლო პროცესზე ერთდროულად ერთი და იგივე მოწმე გამოუყვანია. საქმე იმაშია, რომ  წესით, მოწმეები გამოძიების წარმოდგენილები არიან, თუმცა მისი ზედამხედველობის და გადამოწმების ვალდებულება პროკურორს აკისრია.

რაც შეეხება მოსამართლეს, მას მხოლოდ არბიტრის როლი აქვს და მის სიტყვას ამ შემთხვევაში დიდი გავლენა არა აქვს. თუ ადამიანსსასამართლოში კარგი დაცვა ჰყავს, ის ასეთ აგენტებს ადვილად ამოიცნობს, თუმცა, ადვოკატმა ამ შემთხვევაშიც დიდი ძალისხმევა უნდა გასწიოს, რომ მოსამართლეს დაუმტკიცოს მოწმის დაინტერესება.

საქართველოს კანონმდებლობაში 125-ე მუხლი არსებობს, რომელიც დანაშაულის პროვოკაციას ნიშნავს. პირის პასუხისგებაში მიცემისათვის შესაბამის პროვოკაციაზე წამოგება დანაშაულია.

მაგალითისთვის ავიღოთ, განზრახ კონკრეტულ პირს მიუგზავნონ აგენტი-პროვოკატორი, რომელიც მას დიდი მუშაობის შედეგად დაარწმუნებს, რომ მარიხუანა მოწიოს, ამის მტკიცებულებას კი ფარული ჩანაწერის სახით აკეთებს. რის საფუძველზეც მარიხუანის მომწევ ადამიანს აკავებენ.

შემდეგ ეს ადამიანები სასამართლოზე აღშფოთებული და კანონის მორჩილი მოქალაქეების სახით გამოდიან და ბრალდებულს დანაშაულში ამხელენ. ხოლო როდესაც ადვოკატი უსვამს კითხვას, თუ მოწმე რას საქმიანობს, პროკურორი გარიდებას აკეთებს, აჩერებს და ეუბნება, რომ ეს საქმესთან კავშირში არ არის, რასაც მოსამართლე უპირობოდ ეთანხმება.

თუმცა, არიან მოსამართლეები რომლებიც თვლიან, რომ დანაშაულის პროვოკაცია პირს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. ისინი ფიქრობენ, რომ თუ ადამიანმა ქრთამი პროვოკაციის შედეგად აიღო, პასუხი მანაც უნდა აგოს და ვინც ეს პროვოკაცია მოუწყო იმანაც. აი ასეთი სქემა მუშაობს აგენტი-პროვოკატორების გამოყენების მეშვეობით, რომელსაც ხშირად გაუხსნელი საქმეების გასახსნელადაც იყენებენ“, – ამბობს პაქსაძე „მეტრონომთან“.

„მეტრონომმა“ ასევე გადაამოწმა ინფორმაცია – ვინ არის რუსლან მამედოვი, რომლის ჩვენების საფუძველზეც 2013 წელს კახეთში 11 საჯარო პირი დააკავეს.

ისტორია კი ასეთია, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით არაერთი საჯარო მოხელე დააკავა, მათ შორის კახეთში, სადაც მთავარი მოწმე ერთი და იგივე პირი რუსლან მამედოვია.

მამედოვი ფიგურირებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თემურ ზავრაშვილის, ზემო ქედის რწმუნებულის ბეჟან სუხიაშვილის და მისი თანასოფლელის ემზარ გოგბაიძის, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მერაბ ზვიადაურის საქმეებში.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სოფელ ბაკურციხის რწმუნებული 2013 წლის 10 თებერვალს დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, რწმუნებულმა ყალბი ცნობა დაამზადა, რომლის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 300 ლარი აიღო.

„ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხის რწმუნებული თეიმურაზ ზავრაშვილი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თემურ ზავრაშვილმა დაამზადა ყალბი ცნობა, რომლის სანაცვლოდ, ქრთამის სახით რუსლან მამედოვისგან აიღო 300 ლარი. მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის ფორმად თავისუფლების აღკვეთას 6-დან  9 წლამდე ვადით ითვალისწინებს“, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის 11 თებერვლის  განცხადებაში.

ზუსტად ერთმანეთის მიყოლებით, ანალოგიურ ბრალდებით არიან დაკავებულები დანარჩენი ზემოთ ხსენებული პირებიც, რომელთაც ქრთამის მოთხოვნას ერთადერთი მოწმე რუსლან მამაედოვი აბრალებდათ.

„მეტრონომი“ კომენტარისთვის პროკურატურასთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა, მათ ამ თემაზე განმარტებების გაკეთებისგან თავი შეიკავეს.

 

ელზა  პაპოშვილი

იტვირთბა....