aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მიწისძვრა: “არასწორი სამშენებლო პოლიტიკა, რომელიც აუცილებლად მსხვერპლს გამოიწვევს“

aviabiletebi
ავიაბილეთები

ყველაზე დიდი მიწისძვრა საქართველოში 1275 წელს მოხდა, განმეორებადობის პერიოდი 600-1000 წელია

 გუშინ, 5 იანვარს, თბილისის დროით 16:24 წუთზე საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი დაახლოებით ერთი კილომეტრის სიღრმეში იყო. ეპიცენტრიდან სამხრეთ-დასავლეთით 29 კილომეტრში ქალაქი წალკა მდებარეობს, ჩრდილოეთით 64 კილომეტრის დაშორებით კი – სომხეთის ქალაქი გიუმრი.

მიწისძვრა 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. შესაბამისად, ის ბევრმა ვერც კი იგრძნო. მიწისძვრა მონიტორინგის ცენტრის აპარატებმა დააფიქსირეს.
2016 წელს ეს პირველი მიწისძვრაა საქართველოში.

ზოგადად, კავკასია სეისმურად აქტიურ ზონად მიიჩნევა. ამ რეგიონებში მიწისძვრების საშიშროება გაცილებით მაღალია. საქართველოს სეისმური აქტივობის შესახებ ცნობებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტში აგროვებენ. ინსტიტუტის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე „მეტრონომს“ თემის ირგვლივ არსებულ აქტუალურ კითხვებზე პასუხობს:
მეტრონომი“: რა სტატისტიკა არსებობს ჩვენ ქვეყანასა და კავკასიის რეგიონში  დამანგრეველი მიწისძვრების შესახებ?

თეა გოდოლაძე: საქართველო სეისმურად აქტიური ქვეყანაა. ჩვენ ვართ არაბეთის და ევრაზიის ფილების შესაყარში. შესაბამისად, ჩვენც ვეკუთვნით აქტიურ სეისმურ ზოლს. დამანგრეველი მიწისძვრები არსებობს საქართველოს ისტორიაში, მათ შორის, თანამედროვეშიც. იგივე სპიტაკის მიწისძვრა, რაჭის და ბარისახოს მიწისძვრები. ისინი 90-იან წლებში მოხდა. მოსახლეობის სიმჭიდროვიდან გამომდინარე სპიტაკს ჰქონდა ყველაზე დიდი მსხვერპლი. რაჭის მიწისძვრა მასშტაბით სპიტაკზე დიდი იყო, თუმცა, მეჩხერი დასახლების გამო, იქ მსხვერპლი ნაკლები გახლდათ.

– ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია შენობების ხარისხი. რა  მდგომარეობაა ამ მხრივ აქ?

– 2002 წლის მიწისძვრა თბილისში ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა მნიშვნელობა აქვს სეისმურ ინფრასტრუქტურას. როცა 5 ბალიანი მიწისძვრა 8 ადამიანის მსხვერპლით სრულდება, ეს რა თქმა უნდა, შენობის უხარისხობაზე მიუთითებს.

ნებისმიერ ქვეყანას, მისი ზონირებიდან, ტექტონიკური, გეოლოგიური ადგილმდებარეობიდან თუ სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, თავისი სამშენებლო ნორმები გააჩნია. საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა ეს ნორმები და სამშენებლო ბიზნესი იმ დროს გარკვეულ წესებს იცავდა. ახლა, რეალურად გარდამავალ პერიოდში ვართ და სამშენებლო ბიზნესის სტანდარტიზაცია აუცილებელია. ნორმები ადაპტირებული უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტებთან. ამაზე მუშაობა მიმდინარეობს, ეკონომიკის სამინისტროს მშენებლობის დეპარტამენტი კურირებს ამ საკითხებს.

– შესაძლებელია თუ არა მიწისძვრის წინასწარი პროგნოზირება, ან სეისმური საფრთხის შეფასება?

– მიწისძვრის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია. სეისმური საფრთხის შეფასება გულისხმობს დიდი მიწისძვრის განმეორების საფრხთის შეფასებას კონკრეტულ ქვეყანაში. ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც სეისმურად აქტიურია, აქვს თავისი სეისმური ზონის რუკები, რომელიც სამეცნიერო კვლევას ეფუძნება. საქართველოსაც გააჩნია ეს რუკა.

მიწისძვრის კონკრეტულად პროგნოზირება შეუძლებელია. სეისმოლოგს შეუძლია თქვას, რომ ძლიერი მიწისძვრის გარკვეული ალბათობა არსებობს. მიწისძვრა ამ ალბათობის გაჟღერებიდან ათი წლის მერე შეიძლება მოხდეს. ზოგადად, რისკფონი საქართველოში ყოველთვის არსებობს.

მიიჩნევა, რომ დიდი მიწისძვრის განმეორების შანსი დაახლოებით 1000 წელიწადში ერთხელ არის, შესაბამისად, შეუძლებელია ზუსტი სტატისტიკის წარმოება.

– რა არის საუკეთესო ხერხი თავის დასაცავად მიწისძვრისას?

– ყველაზე აპრობირებული ხერხია მაგიდის ქვეშ მოთავსება, ან  საყრდენი კედლის ღიობებს მოფარება, მაგრამ ყველაზე კარგი რეკომენდაცია და თავდაცვა არის ხარისხიანი, მყარი შენობები. ადამიანის მტერი მიწისძვრა არ არის, ადამიანის მტერი მის მიერ აშენებული უხარისხო შენობაა. არასწორი სამშენებლო პოლიტიკა აუცილებლად მსხვერპლს გამოიწვევს, რადგან ეს არის სტიქია, რომელსაც ადამიანი ვერ ებრძვის. მის წინააღმდეგ იარაღი მხოლოდ კარგი სამშენებლო პოლიტიკაა.

 

სააგენტოივერიასმიერ გავრცელებული სტატიით, „თანმიმდევრული და საკმარისად სრული ინფორმაცია, თბილისში უძლიერესი რეგიონული და საშუალო ძალის ადგილობრივი მიწისძვრების გამოვლინების შესახებ, არსებობს XVII საუკუნიდან. თუ ქრონოლოგიურად განვიხილავთ იმ მიწისძვრებს, რომლებსაც ყველაზე მაღალი ინტენსივობა ჰქონდათ თბილისში, წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ 1668-2002 წლების განმავლობაში ხუთი ასეთი მოვლენა მოხდა. მათმა ინტენსივობამ თბილისში 7±0.5 ბალი (MSK სკალა) შეადგინა, ხოლო ასეთი შერყევების განმეორებადობას საკმაოდ სტაბილური ხასიათი აღმოაჩნდა – 85±15 წელი. თუ აღნიშნული მიწისძვრების ქრონოლოგიას გადავხედავთ (უკანასკნელი 7-ბალიანი მიწისძვრა იყო 1896 წელს) დაახლოებით XX საუკუნის 70-იან წლებში თბილისში უნდა მომხდარიყო შემდეგი 7-ბალიანი ბიძგი. 1969-1970 წლებში თბილისში და მის შემოგარენში მართლაც დაფიქსირდა ლოკალური სეისმური აქტივობა. ერთი წლის განმავლობაში მოხდა 20-ზე მეტი მიწისძვრა. მათ შორის ყველაზე ძლიერი მაგნიტუდით (MS=4.2) მდებარეობდა თბილისის ფონიჭალის დასახლების უშუალო მახლობლობაში, მაგრამ მისმა ინტენსივობამ ქალაქის ფარგლებში მხოლოდ 4-5 ბალი შეადგინა, რაც ამ მიწისძვრის კერის მნიშვნელოვანმა სიღრმემ (h=20 კმ) განაპირობა. მხოლოდ 32 წლის შემდეგ, 2002 წლის 25 აპრილის მიწისძვრის შედეგად . თბილისის ფარგლებში მოხდა 7 ბალი ინტენსივობის შერყევების რეალიზაცია.

რაც შეეხება 8-ბალიან შერყევებს, მათი განმეორებადობის საშუალო პერიოდები სხვადასხვა გათვლებით 600-დან 1000 წლამდეა. თუ ეს ციფრები სწორია, მაშინ ასეთი ინტენსივობის შერყევებს უკვე უნდა ჰქონოდა ადგილი . თბილისში X-XIV საუკუნეებში. უახლესმა კვლევებმა დაადგინეს, რომ XIII საუკუნის მიწურულს, 1275 წელს მცხეთაში ადგილი ჰქონდა მიწისძვრას, რომლის ინტენსივობა 9 ბალს შეადგენდა და რომლის შედეგადაც . მცხეთაში ჩაინგრა სამთავროსა და სვეტიცხოვლის ტაძრების გუმბათები. თბილისის ისტორიული ცენტრი მცხეთიდან 15 კმით არის დაშორებული და .. მცხეთასთან წარმოშობილ 9-ბალიან მიწისძვრას თბილისში 8 ბალამდე ეფექტი ექნებოდა.

ზოგადად, თბილისი ხასიათდება საშუალო სეისმურობით. რაც შეეხება სეისმურ რისკს ის ისაზღვრება არა მარტო მოსალოდნელი სეისმური საშიშროების დონით, არამედ განაშენიანებისა და ინფრასტრუქტურის მოწყვლადობითაც, ანუ არსებული შენობებისა და ნაგებობების სეისმოედეგობით; მოსახლეობის სიმჭიდროვით; მიწიძვრის მოხდენის დროით (დღეღამეში), აგრეთვა სხვა მრავალი მიწისძვრის შემდგომი მეორადი მოვლენებით. მიუხედავად საშუალო სეისმურობისა, სეისმური რისკი დედაქალაქისთვის მაღალია. ამის მიზეზია ის ფაქტი, რომ დღეისათვის თბილისი წარმოადგენს მეგაპოლისს, მილიონნახევარი მოსახლეობით, მზარდი ინფრასტრუქტურით, მოსახლეობის სიმჭიდროვის სწრაფი მატებით, ურბანიზაციის მაღალი ტემპებით. მიწისძვრებით გამოწვეული სხვადასხვა მეორადი გეოლოგიური საშიშროებების თვალსაზრისით თბილისი მიეკუთვნება უკიდურესად რთულ და გეოეკოლოგიურადარაჯანსაღმდგომარეობაში მყოფ ქალაქების კატეგორიას. ამას განაპირობებს გეოლოგიური გარემოს მაღალი სენსიტიურობა, რთული რელიეფი და მეორადი გეოლოგიური საშიშროებების დიდი ალბათობა.

 

დღეისათვის, აღნიშნული გეოლოგიური საშიშროებების ფაქტორებს ემატება თბილისის ტერიტორიის მასშტაბური ათვისებით გამოწვეული მაღალი პრესინგი და გლობალური კლიმატური პირობების ცვლილების საერთო ფონზე საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდა. ეს თავის მხრივ გავლენას ახდენს, როგორც გრუნტების ასევე შენობების მასალების თვისებებზე, იწვევს მათ ინტენსიურ გამოფიტვას და გარემოს კიდევ უფრო არასტაბილურს ხდის.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შესაბამისი კომპლექსური კვლევის საფუძველზე, უნდა გამოიკვეთოს და ჩამოყალიბდეს სეისმური რისკის შემცირების ღონისძიებები. ამ საქმეში პირველ ნაბიჯს წარმოადგენს სწორად შეფასებული სეიმური საშიშროება და მასზე დამყარებული სამშენებლო კოდები.

ტექნოლოგოების განვითარებასთან ერთად სეიმური საშიშროების შეფასება თანდათან გადავიდა ახალ პარამეტრებზე. თუ მანამდე ხდებოდა საშიშროების შეფასება ბალებით გამოსახული მაკროსეისმური ინტენსივობით, 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან ბალები ჩაანაცვლა ახალმა სიდიდემნიადაგის მოძრაობის მაქსიმალურმა აჩქარებამ. ეს უმნიშვნელოვანესი ფიზიკური პარამეტრია ინჟინრებისთვის, ვინაიდან შენობანაგებობების დაპროექტება სწორედ მის მიხედვით ხდება. ამ პერიოდში ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკურეკონომიკური სიტუაციის გამო დაგვიანდა სეიმური საშიშროების ახალი ნორმატული რუკის მიღება. მაქსიმალური აჩქარებებით გამოსახული სეისმური საშიშროების რუკა მხოლოდ 2009 წლის ბოლოს შევიდა ძალაში, რომელზე დაყრდნობითაც განისაზღვრა ახალი ქართული სამშენებლო კოდები.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე აღნიშნული სამინისტროს მიერ შემუშავებულ იქნა ევროპული ტექნიკური რეგლამენტებისევროკოდების დანერგვის 5-წლიანი სამოქმედო გეგმასტრატეგია, რომლის განხორცილებაც ერთერთი ვალდებულებაა და რაც პირველ ეტაპზე ითხოვს ახალი სეისმური საშიშროების რუკის მიღებას თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით.

 სამწუხაროდ ამ პრობლემებზე რეაგირება დღემდე არ მომხდარა. ყველა მასიური მშენებლობა, რომელიც ბოლო წლებში მიმდინარეობს საქართველოში და განსაკუთრებით თბილისის ტერიტორიაზე იყენებს მოქმედ კოდებს, რომლებიც თავის მხრივ არასწორ გათვლებს ეყრდნობა. თუ გავითვალისწინებთ, რომ თბილისის მიმდებარე რაიონში ძლიერი მიწისძვრების განმეორებადობის საშუალო პერიოდი 600-1000 წელია, ხოლო უკანასკნელი ასეთი მიწისძვრა ქალაქ მცხეთასთან 1275 წელს მოხდა შესაძლებელია, რომ თბილისში ძლიერი მიწისძვრის მოხდენის წამზომი ჩართულია.“

 

მანა ნოდია

იტვირთბა....